დღეს დიდი შაბათია და ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საპატრიარქო და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დიდ ეკლესიებში ღვთისმსახურებას მრევლი დაესწრება, პატარა ტაძრებში კი მოქალაქეები ეზოში იქნებიან. სასულიერო პირები და ეკლესიები უკვე ემზადებიან დღევანდელი ღამისთვის. მრევლი ტაძრებში 21 საათამდე უნდა მივიდეს, რომ კომენდანტის საათი არ დაარღვიოს და ლიტურგიას დაესწროს. მათ ადგილზე დარჩენა დილის 6 საათამდე მოუწევთ.
მრევლის მიღებისთვის ემზადება სამების საკათედრო ტაძარიც, როგორც ტაძრის სტიქაროსანი "კურიერთან" აცხადებს, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე ნიშნულებია გაკეთებული. თავად ტაძრის სამივე სართულზე გასულ დღეებში დეზინფექცია ჩატარდა. ამასთან, სტიქაროსნები მრევლს სამედიცინო პირბადეებსაც ურიგებენ.
პირბადეების გამოყენებას ურჩევს ეკლესიაში მისულ მრევლს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერიც. დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, პირბადის მოხსნა არ არის აუცილებელი არც ხატებზე და ჯვარზე მთხვევის დროს.
"მრევლის ყველა წევრს მოვუწოდებთ, რომ ვინც ეკლესიაში იქნება მომსვლელი, პირბადე ეკეთოს და ხატებზე და ჯვარზე მთხვევის დროსაც არაა აუცილებელი, რომ პირბადე მოიხსნას. ეს პატივის მიგება იქნება და არავითარი კანონდარღვევა. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ წირვას დაესწროს, ისინი დილით შეხვდებიან ფანჯრებში სანთლებით და ქრისტე აღდგას მილოცვით მიესალმებიან ერთმანეთს. საშუალება ექნებათ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით მიიღონ თანამლოცველობა ჩვენთან. ჩვენ გვჯერა ჩვენი ხელისუფლების და მედიკოსების, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და ვემორჩილებით მათ კანონებს," - განაცხადა დეკანოზმა.
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი გრიგოლ კაცია მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონეთ ღამით ტაძარში მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევს:
"მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ვთხოვთ, ხვალ მშვიდად მობრძანდნენ სამრევლო ტაძრებში და ზოგადად ბრწყინვალე შვიდეულში იქნება ყოველდღე წირვები და მშვიდად შეიძლება ეზიარონ, ყოველი დღე არის თანასწორი აღდგომისა, ამიტომ მაინცდამაინც ამ დღეს არ უნდა მობრძანდნენ ღამისთევით. შეიძლება დარჩნენ სახლში, ჩვენ გვექნება გახმოვანება ჩართული და ყველას, ვისაც ექნება სურვილი პირდაპირი იქნება გადაცემა, შეეძლებათ მოუსმინონ და დილით ეზიარონ," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.