"რუსთავი 2-მა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა რეანიმაციიდან, სადაც "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ - ქვეყნის მთავარ რეანიმატოლოგ ლევან რატიანთან და მის გუნდთან ერთად სამუშაო დღე ირაკლი იმნაიშვილმა და ლევან აბულაძემ გაატარეს.
ირაკლი იმნაიშვილი აღნიშნავს, რომ COVID-19-თან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და სხვადახვა ქვეყნის მედიის მიერ საავადმყოფოებში არსებული ვითარების გაშუქება ემსახურება იმის ჩვენებას, თუ რამდენად რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა და რამხელა მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციების დაცვას.
ირაკლი იმნაიშვილის თქმით, "რუსთავი 2-მა" გადაწყვიტა, ეჩვენებინა ქართველი ექიმები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ახდენენ სასწაულებს. იმნაიშვილის თქმით, მსგავსი კადრების ჩვენება საჭიროა იმის გამო, რომ არ შეიქმნას სახიფათო ილუზია, თითქოს საქართველოში ვითარება მარტივადაა და მეტი სერიოზულობით მოხდეს რეკომენდაციების დაცვა.
"ჩვენ ვუყურებდით ამ კადრებს და იქმნებოდა ილუზია, რომ აქ ვითარება განსხვავებულია, უფრო მარტივია. ამის გამო, შეიძლება, საქართველოში კარანტინთან დამოკიდებულებაც კი არ იყო ისეთი სერიოზული, როგორიც სხვა ქვეყნებშია და გვქონოდა დინამიკა გამოჯანმრთელებული პაციენტების. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის სახიფათო ილუზია, მოსახლეობამ უნდა ნახოს და გაიცნოს ჩვენი ჩუმი გმირები," - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.
ირაკლი იმნაიშვილმა ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულ მოსაზრებებზეც ისაუბრა, რომ COVID-19-თან წარმატებული ბრძოლა დიდწილად დამოკიდებულია რეანიმატოლოგების რესურსზე, სარეანიმაციო ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და რესურსი, რომ თითოეულ პაციენტთან გაატარონ იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა. თუ რაოდენობა გაიზრდება, მათ მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.