18 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, გადაწყვეტილება პარლამენტს დღესვე უნდა წარედგინოს - კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტების ნაწილის განცხადებით, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დამტკიცება,​ პრემიერისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებისთანავე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღამის 12 საათიდან ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილად ჩაითვლება.

"თუკი დღეს პრემიერი და პრეზიდენტი მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ დაუყონებლივ, დღესვე უნდა წარედგინოს პარლამენტს და პარლამენტიც დღესვე უნდა შეიკრიბოს სამსჯელოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციით დადგენილი პროცედურა დარღვეული იქნება," - განაცხადა იურისტმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ლევან ალაფიშვილმა.

კონსტიტუციონალისტების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებული ვადა ძალაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებისთანავე შედის და მისი დადასტურება უახლოეს სხდომაზე უნდა მოხდეს .

"თუ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ, ეს გაგრძელდება, უბრალოდ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დადასტურდეს.

თუ პარლამენტი შეიკრიბება და უარს იტყვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, მაშინ ამ წერტილიდან შეწყდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება," - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მსჯელობას ხვალ, 22 აპრილს გეგმავს.

დღის ამბები