კრიმინალური ფაქტი და ორ სასულიერო პირს შორის ვნების კვირას მომხდარი დაპირისპირება, რომელიც დაჭრით დასრულდა - ყინწვისის მამათა მონასტრის წინმძღვარმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ საბას.
კრიმინალური ფაქტი ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო.
"კურიერი" დაუკავშირდა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს, თუმცა ზარს მისმა მდივანმა მამა გაბრიელმა უპასუხა, რომელიც ფაქტს არ ადასტურებს.
მისი თქმით, მონასტერში დაპირისპირება არ მომხდარა.
"ვინ იგონებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა," - აღნიშნა მამა გაბრიელმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
თუმცა ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.