ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა COVID-19-ის შემთხვევები არის შსს-ში. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ეს ჯგუფები აგრესიულ ტესტირებას ექვემდებარებიან და სიტუაცია კონტროლირებადია:
"კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჯარში, არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი, სადაც დაფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხვი არის ოცამდე, ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი, ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაში და მიმდინარეობს ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ასევე ყურადსაღებია და ჩვენთვისაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.