საზარელი მკვლელობა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ისევ თავიდან გამოსაძიებელია. ყანდაურაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თითქმის 12 თვიანი ძებნის შემდეგ ნოდარ გამყრელიძე დააკავეს.
ყოფილი სპეცრაზმელი, რომლის დანაშაულში მონაწილეობაზეც "კურიერი" ჯერ კიდევ მომხდარის დღიდან საუბრობდა. თუმცა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა, დღეს კი გამოძიებას ამ ვერსიის დამტკიცება უკვე სასამართლოში მოუწევს.
ნოდარ გამყრელიძემდე, დანაშაული მის მამას, 85 წლის მოხუცს დაბრალდა, რომელზეც ამბობდნენ, რომ მოკლა მეუღლე, შვილი, რძალი და ორი მეზობელი.
ნოდარ გამყრელიძე ორი იარაღიდან ისროდა, რომელთაგან ერთი ისე გადამალა, რომ კვალს ვერ მიაგნეს. დანაშაულის ჩადენის კონკრეტული იარაღი კი, პოლიციამ მხოლოდ ახლა იპოვა.
საგამოძიებო უწყებას საქმის მასალებში ორი იარაღი აქვს, აქედან ერთ-ერთი იარაღით ყოფილი სპეცრაზმელი ნოდარ გამყრელიძის ბრალეულობა მტკიცდება, კერძოდ კი, დედის განზრახ მკვლელობა.
მეზობლების განცხადებით, ნოდარ გამყრელიძე განსაკუთრებული აგრესიულობით არ გამოირჩეოდა და მათი თქმით, მშვიდი პიროვნება იყო.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ყოფილი სპეცრაზმელი ბრალს არ აღიარებს.
"დაკავება მოხდა სახლში გამყრელიძის, მქონდა მასთან საუბარი, თუმცა მისი თხოვნის საფუძველზე დეტალებზე არ ვსაუბრობ. დანაშაულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აღიარებს,"- განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.