საპატრულო ეკიპაჟი წყალტუბოში ექიმებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა საკარანტინო ზონაში გადასვლაზე უარი თქვეს. 62 წლის კაცი პირველი ინფიცირებულია ქალაქში. მას ინფექცია დღეს დაუდასტურდა, უკვე დადგინდა კონტაქტების წრე - 10-ზე მეტი პირი. მამაკაცი წყალტუბოს დასუფთავების სამსახურში მუშაობს.
მას შემდეგ, რაც ინფიცირებული მამაკაცი კლინიკაში, მისი მეუღლე და შვილი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ადგილზე სპეციალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ.
კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. თავად მამაკაცს კი შეხება ჰქონდა "ლიბერთი ბანკის“ მოლარესთან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მუნიციპალიტეტის მერიისა და "ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ჯერ კიდევ სწავლობენ. კარანტინში გადაყვანილების ანალიზის პასუხები დღეს ღამით იქნება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პირველი კოვიდინფიცირებულია, წყალტუბოში საკარანტინო ზომების გამკაცრება, ამ ეტაპისთვის, არ იგეგმება. ადგილობრივი ხელისუფლება ანალიზების პასუხებს ელოდება, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ხელისუფლება მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს.
62 წლის ინფიცირებულ მამაკაცს ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.