06 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
არ ვართ დაზღვეული, რომ არ დავინფიცირდებით და ჩვენი სიცოცხლე სიკვდილით არ დამთავრდება - ლევან რატიანი მედპერსონალის დაინფიცირებაზე 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მედპერსონალის დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ლევან რატიანის თქმით, მას პაციენტების იდენტიფიცირების უფლება არ აქვს. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არაა, თუმცა მის კლინიკის მედპერსონალი იცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა:

"რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას კლინიკის სიტუაციასთან დაკავშირებით  და მედპერსონალის ინფიცირების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მე ამ წუთში ვარ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე როგორც ექიმს არანაირი უფლება არ გამაჩნია პაციენტის იდენტიფიკაციაზე ვისაუბრო. აღნიშნულიდან გამომდინარე თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტზე გამოსვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან ან საინფორმაციოსთან ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით ვინ არის ინფიცირებული და მათი იდენტიფიცირება მოვახდინო.

არცერთი შემთხვევა არ არის დამალული. ეს შემთხვევები იტვირთება რამდენიმე პორტალზე სადაც მითითებული და იდენტიფიცირებულია ნებისმიერი პაციენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მე ვიხსნი პასუხისმგებლობას როგორც მკურნალი ექიმი და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა გადადის ჩემზე მაღლამდგომ ინსტანციებზე.

რაც შეეხება აღჭურვილობას, ჩემი მედპერსონალი, ჩემს კლინიკაში ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოცემულ რეკომენდაციას იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ერთიც გავითვალისწინოთ, ვირუსს რომელსაც ამ და ნებისმიერ კლინიკაში ებრძვიან ექიმები, არცერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ დავმძიმდებით, რომ არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, ძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით," - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

დღის ამბები