ისტორიული გარემო, ღია ცის ქვეშ შესრულებული კამერული მუსიკა და ქართველი და უცხოელი მუსიკოსები - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი საერთაშორისო ფესტივალს, "საგურამოს კამერატას" მასპინძლობს.
ფესტივალი ტრადიციას არ ღალატობს - საკონცერტო საღამოები კვლავ ილიასეულ ბაღში, ღია ცის ქვეშ იმართება. სამი დღის განმავლობაში, საგურამო კამერული მუსიკის მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების შესრულებას სთავაზობს. წლევანდელი საფესტივალო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ კამერულ ინსტრუმენტულ მუსიკას ეთმობა.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი "ქორალი" მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა.
საგურამოს ილიასეულ ბაღში მუსიკალური საღამოები 4 სექტემბერს დაიწყო. პირველ საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე თამარ ლიჩელი და სიმებიანი კვარტეტი "იბერი" წარდგნენ.
კამერული მუსიკის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი წელს ხელოვანებს საქართველოდან, ჩეხეთიდან და ხორვატიიდან აერთიანებს. ხვალ ფესტივალი სწორედ უცხოელი მუსიკოსების, "ჩელო რეფაბლიკის" და დუეტი "არტინას" შესრულებით დაიხურება.