ამირან გამყრელიძე მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების კუთხით ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სამივე რეგიონში სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობებთან მათთვის გასაგებ ენაზე მუშაობა.
"32% მთელი დადებითი შემთხვევებისა, რაც გვაქვს ქვეყანაში, მოდის ქვემო ქართლზე. 149 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვემო ქართლში.
ძირითადი გამოწვევა არის, რომ ამ 3 რეგიონში ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვიზიანდა სამედიცინო პერსონალი. ეს დაზიანებები ძირითადად მაინც გამოწვეულია არა მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ შემოტანილი, ასე ვთქვათ საოჯახო შემთხვევებიდან.
რამდენიმე ასეული კონტაქტია ახლა სამივე მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს კვლევები.
ბოლნისში უკვე, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა 107 პოზიტიური, იქ 1 000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული. სამწუხაროდ, ბევრი ექიმი უკვე კარანტინშია გადაყვანილი, ან ინფიცირებულია, ასევე ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ ჩანაცვლება სჭირდება.
აუცილებელია ეთნიკურ უმცირესობასთან უფრო მეტი მუშაობა და რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.