18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
დასრულდება თუ არა პანდემია ივლისში - ეპიდემიოლოგებს სიტუაციის ზუსტი პროგნოზირება უჭირთ

ქვეყნის მთავარი ინფექციური კლინიკების ხელმძღვანელებს შედარებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საფუძველს თავიანთ საავადმყოფოებში შემცირებული პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებული პირების მომატებული სტატისტიკა აძლევთ, თუმცა ექიმები ზედმეტ ოპტიმიზმსაც ერიდებიან, რადგან, მათი თქმით, წინ კიდევ კრიტიკული პერიოდია.

სინგაპურის უნივერსიტეტის მკვლევრები მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართვლოში პანდემიის დასრულების თარიღს აქვეყნებენ, რომლის მიხედვით საქართვლოში პანდემია 100%-ით ივლისში დამარცხდება, თუმცა, არის ალბათობა იმისა, რომ ვირუსი ქვეყანაში ერთი თვით ადრე - ივნისშიც დასრულდეს.

ქვეყნის მთავარი  ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე პანდემიის დასრულების ვადებს ოპტიმისტურად უყურებს. თენგიზ ცერცვაძე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სიტუაცია დღეს მართვადი და კონტროლირებადია, თუმცა უცნობია ვირუსის მახასიათებლები. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მაისის ბოლოდან საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა დაიკლებს.

ექიმები, რომლებიც ყოველდღე ურთიერთობენ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ ნებისმიერ მონაცემებს ქვეყანა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების მაგალითზე, სადაც პიკურ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების ნაკადს ექიმები ვერ უმკლავდებოდნენ. დღეს, როდესაც შემცირებულია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, საფუძველი არსებობს, რომ პანდემიის დასრულების კვლევები დამაჯერებელი იყოს.

კვლევები სარწმუნოა ჯანდაცვის მინისტრისთვისაც, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როგორც კი პრევენციული დაცვის ხარისხი დაიკლებს, ქვეყანაში პიკი გარდაუვალი იქნება.

ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც დაფუძნებულია პანდემიის ვადის დასასრულზე, სამედიცინო ექსპერტების ნაწილის აზრით, საშიშია, რადგან მიაჩნიათ, რომ მოლოდინმა შესაძლოა შეასუსტოს მოქალაქეების დისციპლინა, კონტროლი და ვირუსის შემობრუნება გამოიწვიოს.

როდის და რა ფორმით დასრულდება პანდემია საქართველოში?! ამ თემაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ სამედიცინო ვერსიები და ვარაუდები არსებობს. ვითარების შეცვლა დამოკიდებულია  საზოგადოების პასუხიმგებლობაზეც, რითაც შესაძლებლი იქნება ქვეყანაში ეპიდსურათის შეცვლა.

დღის ამბები