პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით კლინიკაში ამ დროისთვის 47 პაციენტია, მათგან კოვიდინფიცირებულია 38. ლევან რატიანის თქმით, კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. დღის მეორე ნახევრისთვის კიდევ რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან და ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ კლინიკას დღეს კიდევ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
"6-7 დღეა არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენ კლინიკას არ მიუღია რაც ძალიან გვახარებს, რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი ერთის მდგომარეობა სტაბილურია, შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა რამდენიმე ექიმის მიერ და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ეს ქალბატონი გაეწერება სახლში, შინ მოვლის სამსახურის მეთვალყურეობით. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია," - განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 10 მარტიდან ამ დრომდე კორონავირუსის 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, 125-მა დატოვა კლინიკა. კლინიკის დირექტორის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტები და საეჭვო შემთხვევები გადანაწილებულია 2 სართულზე შემჭიდროვებულად.
რატიანის თქმით დღეს დასრულდა მორიგი 15-დღიანი საკარანტინო რეჟიმი და სამედიცონო პერსონალს, რომელიც ამ 15 დღის განმავლობაში კლინიკაში საკარანტინო განრიგით მუშაობდა შესაბამისი ანალიზები ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
"შემოვიდა ახალი ბრიგადა, იმედია ეს ბოლო იქნება ჩვენი კლინიკისთვის და პირველი ივნისიდან ვიმედოვნებთ, ძალიან მინდა როგორც მე ასევე მთელ საქართველოს, რომ ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და გადავიდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს," - აღნიშნა რატიანმა.