საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავების შემდეგ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის დაცვა იქნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სოციალური თვითშეგნება და იმ შემთხვევაში, თუ გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შესაძლებელი იქნება, დაუთმონ ტრანსპორტი იმ მოქალაქეს, ვისაც ის უფრო მეტად სჭირდება.
"ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება, რაც ნიშნავს ტრანსპორტში მგზავრების მცირე რაოდენობას.
მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა შორის უნდა იყოს დაცული სათანადო მანძილი იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით არ მოხდეს არ ინფექციის გავრცელება.
დანარჩენი ყველაფერი არის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული და თვითკონტროლზე, იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ ეს არის თქვენი გადაადგილება იმდენად შორს, რომ ამ ადგილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ჯობს ისარგებლონ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენმა, რომელსაც შეუძლია გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.