08 სექტემბერი 2026,   07:24
ვრცლად
"ვიღაცას სურს ქვემო ქართლის რეგიონში დესტაბილიზაცია" - სუსში მარნეულელი აქტიტივისტების გამოკითხვა მიმდინარეობს

მოწმის სტატუსით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. საქმე ეხება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიებას, რომელიც 10 დღის წინ დაიწყო.

აქტივისტების გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს რამდენიმე აქტივისტი დაიკითხება.

სამოქალაქო აქტივისტი, "ატა ჰოლდინგის" დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარე ზუმრუდ ყურბანოვი ამბობს, რომ ისაუბრებს როგორც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით, ასევე კარანტინის პერიოდში სოციალურ გვერდ "ალილო მარნეულის" პოსტებზე, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ამცირებდნენ. 

"როდესაც ადვოკატის მეშვეობით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ნარიმან ნარიმანოვზე გამომკითხავდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე არ იქნება საუბარი. მინდა წინასწარ გავაკეთო ორი განცხადება. პირველი - მადლობა მედიას ამ საკითხის აქტიური გაშუქებისთვის. მეორე - პანდემიის დროს საქართველო ბევრ პრობლემას აწყდება, ღიად და ფარულად მიმდინარეობს ქართული მიწების ოკუპაცია. ვიღაცას სურს ქვემო ქართლის რეგიონში დესტაბილიზაცია. არავის მივცემთ უფლებას, დაძაბულობის კერა შექმნას. ჩვენ ვართ ქართველი აზერბაიჯანელები. ჩვენ არ დავუშვებთ ვიღაცამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ის, რომ აქ დაკითხვაზე ბიჭები დაიბარეს, არაფრის მომცემია, რადგან ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი უბრალოდ ხელს უშლიან დესტაბილიზაციას.  ჩვენ ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. გვაქვს ერთი წმინდა სახლი. პირველი წმინდა ადგილი არის საქართველო. ჩვენ ყველამ საქართველოსთვის უნდა ვილოცოთ," - განაცხადა ზუმრუდ ყურბანოვმა.

უკვე გამოიკითხა მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, ასევე მარნეულის მერი და მისი მოადგილე. უარის გამო მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გასცემს გამოძიების კითხვებს პასუხს "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თუმცა როდის - უცნობია.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოტივი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კარანტინისა და დავით გარეჯში გასულ წელიწადს არსებული ვითარების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით სოციალურ ქსელში გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა.

დღის ამბები