მძღოლების გაფიცვა რუსთავში - ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები კომპანია "ინტერტრანსისგან" ყოველდღიური გადასახადის შემცირებას მოითხოვენ.
დღეს ე.წ "ალდაგის" სამუშაო ხაზზე დასაქმებული 60 მძღოლი სამუშაოდ არ გავიდა.
"სტუდენტური ხაზია ძირითადად, სტუდენტებზე ვართ ჩვენ დამოკიდებული და ამასთან ერთად იქ კაზინოებია და ასეთი ხალხი დაგვყავს, რომლებიც არ მუშაობენ. არის 85 ლარი გეგმაში, მაგრამ შეძლებისდაგვარად ალბათ დაგვიკლეს 30 ლარი რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ რომ გავედით სამუშაოდ, ფიზიკურად ვერ ამოვიღეთ ეს თანხა და შევთავაზეთ ის, რამდენიც შეგვეძლო," - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება გადაადგილებას, კომპანიაში ირწმუნებიან რომ მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემა არ შეექმნება.
"ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, კომპანიამ სიტყვიერად რამდენჯერმე გააფრთხილა მიკროავტობუსის მძღოლები, რომ მათ გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. სოფო ცერცვაძის თქმით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ.
"კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება. კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნებს, რა მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი უკვე, როგორც იცით, მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადებს. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი დაწესებული გადასახადი გადაეხადა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ," - აცხადებს სოფო ცერცვაძე.