სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში დღეს დილით მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვილს სხეულზე ექსკორაციები აღენიშნება, დაზიანებები ასევე მუცელზე და ზურგზე აქვს.
ბავშვი დედა ნაპოვნია, ის საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. ლედი ტუაევა სამედიცინო დაწესებულებაში ძლიერი სისხლდენით მარტო მივიდა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მიტოვებული ახალშობილის დედა სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიციამ მისი დაკითხვა ჯერჯერობით ვერ შეძლო.
როგორც აღმოჩნდა, პოლიციისგან შეიტყო დანაშაულის შესახებ ქალის მეუღლემ. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ის ინფორმაციას ცოლის ორსულობასთან დაკავშირებით არ ფლობდა, იცოდა მხოლოდ, რომ 40 წლის ქალს სიმსივნე ჰქონდა და სხვადსხვა დაავადებებს უჩიოდა.
რატომ მალავდა ლედი ტუაევა, რომ ორსულად იყო და რატომ გაიმეტა ახალშობილი, ამის შესახებ თანასოფლელებს საუბარი უჭირთ.
ვინ აიღებს ახალშობილზე მეურვეობას ჯერჯერობით უცნობია. დაუბრუნდება, თუ არა დედას შვილი ეს გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვეთილი ფაქტების შემდეგ გახდება ცნობილი. სოციალური სამსახური საქმეზე უკვე მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს.