18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
რუსეთი ლუგარის წინააღმდეგ დაწყებულ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს - "საშიშ" ლაბორატორიაზე ოკუპანტი ქვეყანა უკვე ეუთოში ალაპარაკდა

სიტყვებზე ნდობა კრემლს არ სურს, თუმცა არც საქმით სურს პასუხების მიღება. პასუხი მას უკვე აქვს - მოსკოვმა თავისთვის უკვე გადაწყვიტა, რომ მის მეზობლად, ლუგარის ლაბორატორიაში, საშიში ცდები ტარდება. მოსკოვი თბილისის მოპატიჟებას არ იღებს და უკვე კლასიკად ქცეულ პროპაგანდას ფართო მასშტაბით ავრცელებს, ამჯერად ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე.

"უცნაური ვარაუდები" - ამჯერად ასეთია ვაშინგტონის შეფასება, შტატები უფრო მკაცრიც ყოფილა იმაზე, რაც რუსებს არაერთხელ უთქვამთ და რაზეც პასუხიც არაერთხელ მიუღია. ჯეიმს გილმორმა რეგიონში ამერიკული ლაბორატორიების მიზნები მოსკოვს კიდევ ერთხელ შეახსენა.

იმისთვის, ვინც რუსული პოლიტიკის სტილს უკვე წლებია აკვირდება, ლუგარის თემა უცხო არ არის. სულ ბოლოს ზურაბ აბაშიძე კარასინს ამ თემაზე 1 კვირის წინ ესაუბრა, თუმცა მისთვის სიახლე არც ბრალდებებშია და არც პასუხებში. ის, რომ თემა ამაზე ღრმად ვერ შედის, რუსეთის საკითხებში პრემიერის მრჩევლისთვის იმის ნიშანია, რომ კრემლისთვის სწორედ ასეთი, შორეული ბრალდებების ფორმაა ხელსაყრელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელიც იმას ამბობს, რომ ორგანიზაცია რუსეთის ამგვარ გამოსვლებს შეჩვეულია და რუსეთის წარმომადგენელმაც წინასწარ იცის ხოლმე ამაზე პასუხები. თუმცა, პერიოდულად ამ ლეგენდის აქტუალიზება, გიგი წერეთლის თქმით, მათი ჰიბრიდული ნარატივია, რომელიც უფრო მეტად შიდა მოხმარების სპეკულაციას ჰგავს.

თბილისისთვის რუსული სქემა მარტივი გასაშიფრია და ასე ჟღერს: "მათ რომ მართლაც აინტერესებდეთ რამე, ჩამოვიდოდნენ კიდეც". თუმცა პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსული დელეგაცია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერებთან ერთად უნდა ჩამოვიდეს და არა მარტო, როგორც ზედამხედველი.

რუსული პროპაგანდის ეს ნომერი თბილისში 2 მიზნით აიხსნება: ერთი, რომ აშშ რეგიონში დესტრუქციულ ძალად წარმოაჩინონ, მეორე  - საკუთარ ხალხს აჩვენონ, როგორი მკაცრები არიან. თბილისი მოსკოვს შეახსენებს, რომ ლუგარში საიდუმლოები არ არის და მისი კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა ოკუპანტს მარტო არ მიიღებენ, მხოლოდ სხვებთან ერთად.

დღის ამბები