კონკრეტული უწყებების მიერ დარღვევებით ხდება ვიდეო და აუდიო ჩანაწერების განხორციელება - სახელმწიფო ინსპექტორი ჩანაწერებზე პარლამენტში საუბრობს. ლონდა თოლორაია იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ანგარიშით წარსდგა. იყო განცხადებები პერსონალური ინფორმაციის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხრიდან 1 362 განჩინება გაიცა.
ოპოზიცია ბოიკოტის გამო დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. პარტიები აცხადებენ, რომ ანგარიშში არ არის გამახვილებული ყურადღება არც ერთ გახმაურებულ საქმეზე.
პერსონალური მონაცემების დაცვა და კონტროლი, ასევე უკანონო ფარული და აუდიო ჩანაწერები და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები - ეს არის ის სფეროები, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს. სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს იურიდიული კომიტეტის წევრებს 2019 წლის ანგარიში ჩააბარა. ლონდა თოლორაიამ კომიტეტის მიმდინარეობისას ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა შესახებ საუბარი არის 2019 წლის ანგარიშში.
ლონდა თოლორაიას თქმით, დღესაც ფიქსირდება ფაქტები, როდესაც, მაგალითად, კონკრეტულად კერძო ობიექტები ახორციელებენ ამ ობიექტზე მყოფი ნებისმიერი პირის როგორც გამოსახულების, ასევე აუდიოჩანაწერის გაკეთებას, ეს კი კანონით აკრძალულია.
ასევე, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, საუბარი იყო ამ მიმართულებით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, გამოიკვეთა კონკრეტული ფაქტები, როდესაც სასწავლო დაწესებულებებში, საუბარია სკოლებზე, საპირფარეშოებში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები და უკანონოდ ხორციელდებოდა მოსწავლეების ვიდეო და აუდიო თვალთვალი.
"ძირითადი დარღვევები იკვეთება ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით. არ არის მკაცრად რეგულირებული ბაზებში შესვლის წესები, ბაზებზე წვდომის წესები. იკვეთება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ბაზებთან არასამსახურებრივი წვდომის შემთხვევებს. ასევე არის გამოწვევები ვიდეოთვალთვალის მიმართულებით. ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო სათვალთვალო სისტემებს.
არის გამოწვევები არასრუწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. ეს გამოწვევები შეეხება საგანმანათლებლო სისტემას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. არ არის დაცული სათანადოდ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები და ამ დოკუმენტებზე ზოგჯერ ხელი მიუწვდებათ სხვა პირებსაც. ასევე პრობლემურია ვიდეოთვალთვალის განხორციელება რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა ეს არ ეხება აბსოლუტურად ყველა შემთხვევას, როდესაც არ არის ვიდეოთვალთვალის წესები დარღვეული," - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გამოწვევები როგორც პერსონალური მონაცემების, ასევე სხვა კუთხეებითაც არსებობს. თუმცა, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ინსპექტორის სამსახური ამ მხრივ ეფექტიანად მუშაობს.
"გამოწვევები არსებობს, გამოწვევები იქნება როგორც პერსონალური მონაცემების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებითაც, თუმცა სამსახურის ეფექტური საქმიანობა არის ხელშესახები. მარტო ფარული საგამოძიებო მოქმედებების კუთხით 98 საქმე იყო 2019 წელს, რომლის განხორციელებაც შეჩერდა უშუალოდ ინსპექტორის მონაწილეობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამსახური არის ეფექტიანი და ეფექტურად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ავტორი: მირიან გორგოძე