08 სექტემბერი 2026,   05:46
ვრცლად
ვასამბეგ ბოკოვის ადვოკატის განცხადებით, მას არ აქვს უფლება მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია გაახმოვანოს

ვასამბეგ ბოკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, ის ადვოკატმა მოინახულა, თუმცა გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, უფლებადამცველი ბრალდებულის პოზიციაზე ვერ საუბრობს.

რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში 4 თვის განმავლობაში ყალბი სახელით ცხოვრობდა.

ბოკოვის ადვოკატის განცხადებით, მას არ აქვს უფლება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია გააჟღეროს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და გამოყენებას.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდებულის პოზიციას, აღნიშნულს ვერ მოგახსენებთ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ხელი მაქვს მოწერილი სისხლის სამართლის საქმის გაუთქმელობასთან დაკავშირებით," - აცხადებს ადვოკატი ნინო მიქატაძე.

დაკავებულ ბოკოვს ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება, შენახვა გამოყენების მუხლით წაუყენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ვ.ბ. დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, ვასამბეგ ბოკოვი სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის  შედეგად 12 ივნისს დააკავა.

დღის ამბები