ექსპერტები გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის ვერსიას არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, შესაძლოა, ჟურნალისტზე ანგარიშსწორება გაბუნიას მიერ სკანდალური განცხადების გაკეთებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ანუ ივლისის დასაწყისში მომხდარიყო.
"გაბუნიას მკვლელობის ინტერესი ექნებოდა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც პირად შეურაცხყოფად აღიქვა გაბუნიას მხრიდან პუტინის გინება. ამასთან დაკავშირებით იყო განცხადება ბატონი კადიროვის და ისიც ცნობილია, რომ კადიროვს ჰყავს სიკვდილის ბრიგადები და შეკვეთილი მკვლელობებით ის არის ცნობილი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის დიდ დედაქალაქებში. ასეთი შემთხვევა იყო გერმანიაში, საფრანგეთში და ეს არის პუტინის რეჟიმის ხელი,"- აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.