18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთ ცალკე აღებულ მოსამართლესა და თავმჯდომარეს არავითარი დავალების შესრულება არ შეუძლია - მერაბ ტურავა

ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - თანამდებობისთვის 2 მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა, იბრძვის.

მერაბ ტურავას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთ ცალკე აღებულ მოსამართლესა და თავმჯდომარეს არავითარი დავალების შესრულება არ შეუძლია. მისი თქმით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება და თუ მას აირჩევენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ზუსტად იგივე უფლებამოსილება ექნება, რაც დანარჩენ მოსამართლეებს.

"შეკითხვა სახელისუფლებო დაკვეთებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთ ცალკე აღებულ მოსამართლეს და არც ცალკე არსებულ თავმჯდომარეს არავითარი დავალების შესრულება არ შეუძლია, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება 9 კაციან შემადგენლობაში მიიღება ხმათა უმრავლესობით. მინიმუმ 5-მა მოსამართლემ უნდა დაუჭიროს მხარი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, მე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს, ზუსტად იგივე უფლებამოსილებები მაქვს საქმეთა განხილვებთან დაკავშირებით. 1 ხმა მაქვს გადაწყვეტილების მიღების დროს დღესაც და 1 ხმა მექნება, თუ თავმჯდომარე გავხდები," - განაცხადა მერაბ ტურავამ.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, მას, ტურავასთან შედარებით, უფრო მეტი საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება აქვს.

"თავმჯდომარეს აქვს 1 ხმა, როგორც ყველა მოსამართლეს. ის ისეთივე მოსამართლეა, როგორიც ყველა. თუმცა მას აქვს დამატებით წარმომადგენლობითი ფუნქციები და აქვს საორგანიზაციო უფრო მეტი ფუნქციები. მე ვფქრობ, რომ ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მე მეტი საორგანიზაციო საქმიანობა გამიწევია," - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

იმერლიშვილმა და ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართეს. ტურავას კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, იმერლიშვილის კი ოთხმა. განცხადებების განხილვის შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა უყაროს კენჭი. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 5 ხმაა საჭირო. პლენუმის სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, ამოეწურა.

დღის ამბები