26 დეკემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"უკნიდან რამდენიმე მირტყამდა თავში, მაგრამ ვერ ვხედავდი რას მირტყამდნენ" - "კურიერი" ფეხბურთელის საქმეში არსებული ჩვენებების გასაჯაროებას აგრძელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები განახლდა. დღეს დილიდან მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა აქვთ. ახალგაზრდებმა გამომძიებლების კითხვებს ადვოკატების თანდასწრებით უპასუხეს. მათ ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ, რა გარემოებებით დაინტერესდა პოლიცია. "კურიერის" ინფორმაციით, მათ ერთხელ უკვე მისცეს ჩვენება ინციდენტთან დაკავშირებით. 

"კურიერი" აგრძელებს საქმის მასალების გასაჯაროებას და დაზარალებულის სტატუსის მატარებელი პირის ჩვენებას გთავაზობთ:

"მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ, საიდანაც გადმოვიდა 4 ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს, რომელიც იყო სრული აღნაგობის, ხელში ეჭირა რაღაც ჩემთვის უცნობი გრძელი საგანი, რომელიც მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს. მოხვდა თუ არა მოქნეული საგანი, არ მახსოვს, რადგან ამ დროს, მოულოდნელად, გონება დავკარგე. როდესაც გონებაზე მოვედი, ბუნდოვნად ვხედავდი, რომ წელში მოხრილი ბორძიკით მივდიოდი ხიდის მიმართულებით და უკნიდან რამდენიმე პიროვნება მირტყამდა თავში. მაგრამ მე ვერ ვხედავდი თუ რას მირტყამდნენ, მახსოვს, რომ მივუახლოვდი ხიდის მოაჯირს, სადაც იდო გრძელი რკინა. აღნიშნულ რკინას დავეყრდენი...

....დავინახე, რომ ხიდზე გამყოფ ზოლში იყო ბუჩქები, რის გამოც მე კვლავ გადავკვეთე გზის სავალი ნაწილი და დავიმალე გზის სავალ ნაწილებს შორის არსებულ ბუჩქებში და ვიყურებოდი თბილისის მიმართულებით მოძრავი სავალი ნაწილისკენ...
...მე ვიწექი ბუჩქებში ნიადაგზე და ვამოწმებდი ტანზე მქონდა თუ არა დაზიანებები. ან მქონდა თუ არა მიყენებული ჭრილობები, თუმცა ტანზე რაიმე დაზიანება ან ჭრილობა არ მქონდა. თუმცა, ყურიდან, წარბიდან და ცხვირიდან მომდიოდა სისხლი და მთელი სახე მქონდა სისხლში ამოსვრილი..."- წერია ჩვენებაში.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები