18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
რა დაზიანებები ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარს - "კურიერმა" საქმეში არსებული ფოტომასალა მოიპოვა

"კურიერის" კიდევ ერთი ექსკლუზივი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე. რა დაზიანებები ჰქონდა ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარს - საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.

ასევე "კურიერმა" მოიპოვა იმ ხელკეტის ფოტომასალა, რომლითაც ახალგაზრდებმა დაზიანებები მიიღეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.

11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.

საქმის ერთ-ერთმა მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა ის ერთ-ერთი არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოა საქმეში ახალი ავტომობილი გამოიკვეთოს, რომელმაც კვალის დაფარვა სცადა.

"ვფიქრობ, რომ რეალურად ადგილზე მესამე მანქანა მივიდა და კვალის დაფარვას ეცადა. ცალსახად ამ საქმეში სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ აქ ფიგურირებენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულში მონაწილეებს დაეხმარნენ, გამოვრიცხავ ამ ეტაპზე, რომ სამართალდამცავები ეხმარებოდნენ. ასევე თუ ჩანთა დადებულია, ეს არის უნიჭოდ დადებული და გაკეთებული საქმე,"- განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ,  გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებულია 17 პირი.

დღის ამბები