საარბიტრაჟო ინსტიტუტებსა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება არბიტრაჟის წამყვან ინსტიტუტებს საქართველოში, რომლებიც ხელს აწერენ მემორანდუმს ეთიკის ნორმების დაცვის შესახებ. ისინი ხელს მოაწერენ ეთიკის კოდექსს, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა არბიტრთა ასოციაციამ და ამით კიდევ ერთხელ ვალდებულებას აიღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეთიკის ნორმებისა და პროფესიული მაღალი სტანდარტების მიხედვით აწარმოონ არბიტრაჟი," - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
როგორც არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ტყემალაძე აცხადებს, მემორანდუმი არბიტრთა ასოციაციასა და 4 საარბიტრაჟო დაწესებულებას შორის გაფორმდა.
"ხელი ეწერება მემორანდუმს საქართველოს არბიტრთა ასოციაციასა და 4 საარბიტრაჟო დაწესებულებას შორის. ეს დაწესებულებები არიან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, დავების განმხილველი ცენტრი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო ცენტრი. აქამდე ეთიკის კოდექსი და დისციპლინური წარმოების წესები, რომელიც ჰქონდა ასოციაციას მოქმედებდა მხოლოდ ასოციაციის წევრებზე. დღევანდელი მემორანდუმების ხელმოწერის შედეგად ეთიკის კოდექსს გაცილებით ფართომასშტაბიანი ზემოქმედება ექნება," - განაცხადა არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფიო ტყემალაძემ.