გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალებია - ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, 1 საათსა და 40 წუთზე, მაშინ, როდესაც არაგვის ხიდზე დაპირისპირება უკვე დასრულებულია დაშავებულ გიორგი ქათამაძეს, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ვახტანგ ჩიქოვანი ურეკავს, დიალოგი 13 წამს გრძელდება. 1 საათსა და 43 წუთზე კი, უკვე თავად ქათამაძე უკავშირდება ჩიქოვანს, სულ რაღაც 1 წამით. ანძების ჩანაწერით ირკვევა, რომ ამ დროს ორივე მათგანი მცხეთაშია.
უცნობია, რატომ და რისთვის უკავშირდებიან ერთმანეთს დაზარალებული და დაპირისპირების მთავარი მონაწილე.
კიდევ ერთი ახალი გარემოება მერსედესის ავტომობილს უკავშირდება. ცნობილია, რომ მანქანამ არაგვის ხიდი მეორე დაპირისპირებამდე დატოვა, 2 მგზავრი აგარაკზე დარჩა, დანარჩენი 6 კი თბილისში ერთად წამოვიდა. საქმის ახალი მასალებით კი ირკვევა, რომ მანქანაში მყოფი კიდევ 2 პირი თბილისში გამვლელი მანქანით - თეთრი "ტოიოტა პრიუსით", 1 საათიდან 2-ის ნახევრამდე შუალედში ბრუნდება.
ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა - თუ სად იყვნენ მერსედესის მგზავრები? იყვნენ თუ არა ისინი ხიდის ქვეშ, მაშინ როდესაც, ჩვენებების მიხედვით მათ ტერიტორია დატოვეს.
საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე მანქანა და პიროვნება, ისინი ვინც, დაპირისპირების შემდეგ ნაძალაევიდან მეგობრების დასახმარებლად არაგვის ხიდისკენ გაემართნენ, თუმცა, ჩვენებების მიხედვით ყველა მათგანი შუა გზიდან თბილისისკენ ბრუნდება, მათ შორის მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს სატელეფონო საუბარი. ანძის ჩანაწერებით ცნობილი ხდება, რომ ისინი მცხეთის ტერიტორიაზე არიან.
"ტოიოტასა" და "მერსედესის" ავტომობილების მძღოლები უკვე გამოკითხეს. გამოძიებამ ერთი ავტომობილი ჩხრეკის შედეგად ამოიღო, მეორეს კი ანაწმენდები აუღო.
ვახო ახვლედიანმა, დამალვის შემდეგ 18 ზარი განახორციელა, ის მეგობრებს დახმარებას თხოვდა. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მისი და გიორგი ქათამაძის თბილისში დასაბრუნებლად საბურთალოელები გაემართნენ. ისინი რამდენიმე საათი გიორგი შაქარაშვილსაც ეძებდნენ.
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე შესაძლებელია დამატებითი ექსპერტიზაც ჩატარდეს. კომპლექსური ექსპერტიზა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც გამოძიება ამ მოთხოვნით დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართავს.
შაქარაშვილის საქმით ინტერესდება სახალხო დამცველი. ლომჯარია მზად არის შეხვდეს ოჯახს და პროკურატურისგან მასალებიც გამოითხოვოს. თავის მხრივ, საგამოძიებო უწყება თანახმაა, ლომჯარიას საქმის მასალები გააცნოს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რა მოხდა საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდის მიმდებარედ -ამ საკითხზე ჩხუბში მონაწილეები, მათ შორის შაქარაშვილის მეგობრები ამ დრომდე არ საუბრობენ.