18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"ხომ არ გავიწყდებათ რომ აქ ქართველი და ამერიკელი დივერსანტების ჯგუფია?!" - სამხედრო თამაშები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვებისთვის

ვრცელდება კადრები, რომელიც გუდაუთაში, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა გადაიღო. კადრებში ის 10-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საწყის სამხედრო სწავლებას უტარებს. ფრაზებიდან ცხადად ჩანს, რომ მთავარი მიზანი მხოლოდ სამხედრო უნარების ადრეული ასაკიდან ათვისება არ არის. ბავშვებს ხშირად ახსენებენ, ვინ უნდა წარმოიდგინონ მტრად და პირობით მოწინააღმდეგედ.

"ხომ არ გავიწყდებათ რომ აქ ქართველი და ამერიკელი დივერსანტების ჯგუფია? ხომ უნდა გავანადგუროთ ბოროტი მზვერავები?! ნელა იარე, გინდა მოწინააღმდეგის ტყვია დაიჭირო?" - ისმის კადრებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე "კურიერთან" დეტალურად ჰყვება, ვინ არის ამ ე.წ. "სამხედრო თამაშების" დამკვეთი და შემსრულებელი. ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ბოლო სწავლება, რომელიც ამ კადრებშია ასახული, ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ასამდე ბავშვი მონაწილეობდა. სეპარატიზმის გაღვივების და მომავალი თაობის მცდარი გავლენის ქვეშ მოქცევის გარდა ის ყურადღებას ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევაზეც ამახვილებს.

კონფლიქტების საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსებისთვის რუსეთის და მარიონეტული რეჟიმის პროპაგანდის მეთოდები, მათ შორის ბავშვებზე ორიენტირებული მსგავსი ე.წ. სწავლებები უცხო არ არის. მამუკა არეშიძე ამ შემთხვევაში აქცენტს საპირისპირო ნაბიჯებზე აკეთებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბჟანიას გუნდი ქართველების მიმართ შედარებით ლოიალურად არის განწყობილი, რაც მცირე, თუმცა პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. ასე ფიქრობს ბლოგერი გიორგი ჯახაიაც. რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს მუდმივად აკვირდება. დიალოგის წამოწყების საჭიროების გარდა ის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს.

სამხედრო სწავლებები ბავშვებისთვის გუდაუთასა და კოდორში მინიმუმ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოზარდ ბიჭებს და რიგ შემთხვევაში გოგონებსაც, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიბადნენ, ამ ეტაპზე სათამაშო, "ფეინთბოლის" იარაღს აჩვევენ. ოკუპანტების გეგმით, სრულწლოვანობის მიღწევის შემდეგ სათამაშო იარაღი შეიცვლება, პროპაგანდა კი, რომ ქართველი მტერია - არა.

დღის ამბები