სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ 33 წლის ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასა და დაჭრას ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, სამწუხაროა, რომ გატაცებულის შესახებ ქართული მხარე მხოლოდ მცირე ინფორმაციას ფლობს და მნიშვნელოვანია, წითელი ჯვარის მეშვეობით ზაზა გახელაძის ჯანმრთელობას მდგომარეობაზე ცნობები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
"სამწუხაროდ ინფორმაციას არ ვფლობთ. ბოლო ინფორმაცია რასაც ვიღებდით იყო ის, რომ არის ნამდვილად დაჭრილი, მოთავსებული არის საპატიმრო დაწესებულებაში. ველოდებით წითელი ჯვრის მიერ დაკავებული, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დროულად გათავისუფლდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა. თუმცა სამწუხაროდ არ ვიცით ეს როდის მოხდება. იმიტომ, რომ არანაირი კომუნიკაცია ან ინფორმაცია როგორც ვიცი ბოლო ზარის შემდეგ არ ყოფილა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.