20 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
ერგნეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ერგნეთში, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ერგნეთში საგუშაგოდან რამდენიმე ასეულ მეტრში გააჩერეს სამართალდამცავებმა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. 

"ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების მთავარი სათქმელი არის ის, რომ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება შეწყვიტონ. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას შემგუებლური პოზიცია აქვს და მოვითხოვთ მათი გააქტიურება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებით," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა წიქარიძემ.

ადგილზე იმყოფებოდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

"აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ აუცილებლად გააქტიურდეს მთავრობა, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც თავის დროზე, ვაჟა გაფრინდაშვილის დასახმარებლად და გასათავისუფლებლად გამოიყენა," - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

აქციას ესწრებოდა პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც ხელისუფლებას გააქტიურებისა და საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებისკენ მოუწოდა, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები ოსურ მხარეს მოუწოდებენ, გამოიჩინონ მეტი ჰუმანურობა და გატაცებულებს - ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძეს ოჯახთან დაკავშირების საშუალება მისცენ.

"ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალინ ხმამაღალი და მწვავე, რუსეთს ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს. საუბარია ადამიანების უფლებების დარღვევაზე, ამ საკითხზე ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიბრძოლებთ. აქ ჩამოსვლა არის იმის საწინდარი, რომ უკეთ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები