08 სექტემბერი 2026,   04:09
ვრცლად
რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს და რითი დაეხმარება გლეხს სახელმწიფო - ამაზე დღეს, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ

კახეთში ისევ ზარალს ითვლიან. რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რეგიონს და რითი დაეხმარება გლეხს სახელმწიფო, ამაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

მიმდინარეობს დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და პარალელურად, სტიქიის ზონებში აგროდაზღვევით მოსარგებლე ფერმერების აღწერაც.

ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, იგულისხმება თუ არა, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში ფინანსური კონპენსაცია.

"ვაწარმოებთ დეტალურ შესწავლას თითოეული ფიზიკური პირისა და მისი სასოფლო სამეურნეო სავარგულის რაოდენობისა და მასზე არსებული მოსავლის აღრიცხვას. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მთავრობას ექნება საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება,"- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

ნახევარ საათიანმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მთელი წლის მოსავალი შეიწირა.

სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. ნახევარსაათიანი სეტყვის დროს 300 ჰექტარზე არსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ძირითადად ვენახები განადგურდა. კონდოლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, სწორედ მოსავლის რეალიზებაზე იყო დამოკიდებული მათი შემოსავალი.

კონდოლის მსგავსად, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფელ სანიორეში ყურძნის, ქერის, ხორბლის, პომიდვრისა და ლობიოს მოსავალი გაანადგურა. ყველაზე მეტი პრობლემები სტიქიამ სწორედ თელავის მუნიციპალიტეტს შეუქმნა. საუბარია 3 330 ჰექტარ დასეტყვილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხემ თელავის აეროპორტის კოშკურა და გალავანი დააზიანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თელავის მსგავსად, სტიქიამ ყვარლის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. განადგურებულია ვენახები, სავარგულები, ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა ამ რაიონებშიც მოგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები გადახადა.

დღის ამბები