18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეს 21-ე ტომი დაემატა - საქმის მასალებთან ერთად იზრდება კითხვების რაოდენობაც

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე უფრო მოცულობითი გახდა - საქმის მასალები 21 ტომამდე გაიზარდა. ბოლო 2 ტომში მოწმეებისა და დაბადების დღეზე მყოფი პირების სოციალური ქსელის მიმოწერები დევს. შესაძლოა საქმის მასალების რაოდენობა კვლავ გაიზარდოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწმეთა გამოკითხვებს განაგრძობს. პარალელურად, მაგისტრი მოსამართლის წინაშე თვითმხილველთა გამოკითხვაზე მორაგბეების ადვოკატებს სასამართლომ უარი უთხრა.

გაგნიძისა და მახარაძის ინტერესების დამცველები ამ გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებენ.

მანამდე კი ადვოკატები გაგნიძეს გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის მოთხოვნით შეხვდნენ. საქმე ეხება ამოცნობით ექსპერიმენტს, თუმცა ადვოკატის განმარტებით, გაურკვეველია რას ითხოვს პროკურატურა - ვინ უნდა ამოიცნოს გაგნიძემ, თუ პირიქით გაგნიძე უნდა ამოიცნონ მოწმეებმა. ამ გაურკვევლობის გამო, ამოცნობით ოქმს ბრალდებულმა გაგნიძემ დღეს ხელი არ მოაწერა.

გაგნიძის ადვოკატები მორაგბის საგამოძიებო ექსპერიმენტში ჩართვას ამ დრომდე ელოდებიან. ამბობენ, რომ ბრალდებულის სურვილია ყველაფერს ფარდა აეხადოს. პარალელურად, მოწმეები და დაკავებულები წინასასამართლო სხდომის მოლოდინში არიან, რომელიც შესაძლოა 1 თვით გადაიდოს. გადაწყვეტილება ცნობილი 2 დღეში გახდება.

შაქარაშვილის საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მოწმეები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, თუმცა საგამოძიებო უწყება მოწმეთა ხელახალ გამოკითხვას განაგრძობს. საქმის მე-19 ტომში სოციალური ქსელის მიმოწერების გარდა, დაზარალებული ქათამაძის დედის ჩვენებაც დევს. ის დეტალურად აღწერს შვილის მონათხრობს - თუ რა მოხდა არაგვის ხიდზე და ვინ დაუპირისპირდა 6 ახალგაზრდას.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

უწყება დასკვნაში მითითებულ გარემოებებს განმარტავს და აცხადებს, რომ ოქმში მითითებული ფრაზა "გვამურ გაშეშებასთან" დაკავშირებით მექანიკური შეცდომა არ არის. ამავე ოქმში ვკითხულობთ, რომ ხელმეორე შემოწმების დროს "გვამური გაშეშება" ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული 17 პირიდან განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ. შაქარაშვილის ოჯახი კი, იმ 6 პირის დასჯას ითხოვს, ვინც ფეხბურთელი არაგვის ხიდზე უკანასკნელად ნახა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები