საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკები გაიზარდა. მაისის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვს გასცდა.
ცხელი წერტილი და ვირუსის გავრცელების წყარო დღეს ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბნის მუნიციპალიტეტია. გაჩიანში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს, ერთ კვირაში ვირუსის 34 შემთხვევა დაფიქსირდა. სოფლების შვიდივე შესასვლელ-გამოსასვლელში თერმოსკრინინგი ტარდება. მუნიციპალიტეტში 6 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობდა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს, რადგან მოსახლეობა კვლევებზე უარს აცხადებს. თუ ადგილობრივები მონაცემების გადამოწმებაზე ისევ უარს იტყვიან, მკაცრი ზომების მიღება გარდაუვალია.
ვირუსის გავრცელების რისკები არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც შეიძლება იყოს. გარდაბნის 3 სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ბაზრობებზე მუშაობს. მაგალითად "ლილო", რომელიც ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილია თბილისში, მოქალაქეები იქ რეგიონებიდანაც ჩამოდიან, ამიტომ ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების ტესტირება დაიწყება.
გარდაბანში ასევე გაიზარდა გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ინფიცირებული ოჯახის წევრების კავშირები. კორონავირუსი დღეს კიდევ 5 მათგანს დაუდასტურდა და მათი რაოდენობა უკვე 9 არის. სპეციალისტების თქმით, საფრთხის იგნორირება არ შეიძლება და გვაიმედებენ, რომ ქვეყანაში სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებენ.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ყველა კოვიდ კლინიკა მობილიზებულია. ახლა ეპიცენტრი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტია, მათი რაოდენობა 37-ია. კრიტიკული 3 პაციენტია და ყველაზე მძიმე 83 წლის ქალის მდგომარეობაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ნებისმიერი მსუბუქი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და ადეკვატური, ინტენსიური თერაპია გახდეს საჭირო.