22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
მასიური ტესტირება უმოკლეს დღეებში უნდა ამოიწუროს და დადგეს რეალური სურათი რა გავრცელებასთან გვაქვს საქმე - რწმუნებული

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული​ს, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ჩაიკეტა. 

მისვე თქმით, აუცილებელია ტესტირების დროულად დასრულება, რათა ნათელი იყოს ვირუსის გავრცელების რეალური სურათი. 

"სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა და შეიზღუდა გადაადგილება, დაწესდა საკარანტინო რეჟიმი იმდენად, რამდენადაც აქ დაავადების გავრცელება უფრო მასშტაბურია, ვიდრე სხვა სოფლებში. ცოტა გაჭირდა კომუნიკაცია ადგილობრივებთან. აქ ყველაზე საჩქარო და საშურია მასიური ტესტირება უმოკლეს დღეებში ამოიწუროს და დადგეს რეალური სურათი თუ რა გავრცელებასთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა რწმუნებულმა. 

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის დირექტორი შოთა ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემის ამოსაფხვრელად აუცილებელია ტესტირება მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩატარდეს.

"სოფელში დაწყებულია მასობრივი ტესტირება. ჩვენი მიზანია, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარდეს ბევრი ტესტი, ეს შექმნის იმ პირობასს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მაქსიმალურად მოცულ მოსახლეობაში გამოვავლინოთ არსებული შემთხვევები. დადასტურების შემდეგ ამ ადამიანებს გადაიყვანენ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და შემდგომი ეპიდემიოლოგიური მუშაობის შედეგად, ფაქტობრივად, ამოიფხვრება გავრცელების საფრთხე,"- განაცხადა შოთა ბეგიაშვილმა. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ჩაკეტვის მიუხედავად, სოფელში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება არ შეფერხდება.

"სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ არც ერთი გრამი პროდუქციის რეალიზაცია არ შეყოვნდეს, ანუ რა სქემით გაკეთდება: თითოეული მეპატრონე, ფერმერი ან გლეხი ვისაც გააჩნია მწვანილი, დაურეკავს დისტრიბუტორს, დისტრიბუტორი მოდის ე.წ. საზღვართან, ჩამკეტ პუნქტთან, ისინი გადატვირთავენ თავიანთ პროდუქციას და ამ რეჟიმით ვიმუშავებთ ამ ეტაპზე. მათი გასვლა გარეთ შეუძლებელი იქნება,"-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. დასახლებაში ყველა შესასვლელსა და გასასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. სოფელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში 41 დადასტურებული შემთხვევაა.

დღის ამბები