თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს.
დაზარალებულმა ოჯახმა კონსულტაციები უკვე დაიწყო. განსაკუთრებული ეჭვები და უნდობლობა საგამოძიებო უწყებების მიმართ იმ მოტივით გაჩნდა, რომ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამო ვერ ხსნიან ახალგაზრდა ქალის პირად ტელეფონსა და კომპიუტერს.
ასევე უცნობია რა ინფორმაცია ინახება საქმის მტკიცებულებად დართულ იმ ნივთებში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საკუთრებაა.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის გახსნა დროულად უნდა მოხერხდეს. მისივე თქმით სახიფათოა, რომ კომპიუტერიდან რაიმეს სახის ინფორმაცია არ წაიშალოს.
"ეჭვის საფუძველი ძალიან ბევრია, რატომ ვერ ხერხდება კომპიუტერის ამდენ ხანს გახსნა. სახიფათოა, შეიძლება ამას ინფორმაციის წაშლა მოყვეს. ოჯახს აქვს თავისი პოზიცია და აინტერესებთ, რასთან შესაძლოა იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული.
ჩემში აჩენს ეჭვს ამდენი ხნის მანძილზე რომ ვერ მივიღე დრონის და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პირდაპირ ვამბობ, გამოძიებას ამ ყველაფრის დროზე ამოღება შეეძლო,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.