გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებები "კურიერმა" უკვე მოიპოვა. 23-ე ტომი 114 გვერდისგან შედგება და მასში დაზუსტებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ დრომდე ბუნდოვანი იყო. მათ შორის საუბარია იმ ფაქტზე, რომ უკვე ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მყოფი სტუმრებიც ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩადიან კონკრეტული მიზნით - შურისძიებისთვის და არა მეგობრების წამოსაყვანად, როგორც ეს წინასწარი გამოძიების პროცესში მიღებულ ჩვენებებში წერია. ახალი ჩვენებებიდან ერთ-ერთი ეკუთვნის არასრულწლოვან ე.ხ.-ს. სწორედ ის აღწერს, როგორ და ვის ეძებდნენ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები დაპირისპირების ღამეს.
"დაახლოებით 1 საათი იქნებოდა, როდესაც აგარაკის ეზოში შემოვიდნენ ჩემი კლასელები ლ.შ, ირაკლი მუმლაძე, ნ.ც, გიორგი მერაბიშვილი და გიგა ტატიაშვილი, მათთან ერთად იყვნენ ჩვენი საერთო მეგობრები, ნ.ქ. და თენგო ბარბაქაძე. ისინი მოვიდნენ ჩემთან და მესაუბრებოდნენ მე, მკითხეს თუ სად წავიდნენ წვეულებაზე მყოფი სტუმრები, რაზეც მე და ვანომ ვუთხარით, რომ არ ვიცოდით.
...ეზოში ყოფნის დროს მე დავინახე კიდევ ერთი, ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აგარაკზე იყო, შენობის შიდა პერიმეტრზე, სააბაზანოში იდგა და ხელებს იბანდა. კარები იმ ეპიზოდში ღია იყო და ამიტომ დამამახსოვრდა რატომღაც. მე იგი მანამდე არსად მყავდა ნანახი, მივხვდი, რომ ისიც ჩემს კლასელებს და მეგობრებს ახლდა თან.
…მე სახეზე არ მახსოვს იგი, ვერ შევძლებ მის ამოცნობას, მხოლოდ აღნაგობა მახსოვს, ასაკითაც ეტყობოდა, რომ ჩვენი ასაკის არ იყო, უფრო დიდი იყო აშკარად," - ნათქვამია ე.ხ-ს ჩვენებაში.
ნაძალადეველების მიერ დაბადების დღის სტუმრების ძებნის ფაქტი დასტურდება წვეულების ერთ-ერთი სტუმრის ვანო თეგაძის ჩვენებიდანაც:
"ეზოში ფეხით შემოვიდა დაახლოებით 6 ბიჭი, რომლებიც იქნებოდნენ დაახლოებით 25 წლის ასაკის, მე მათგან ვიცანი მხოლოდ ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი, რომლებიც იყვნენ დაბადების დღეზე, მაგრამ ადრე რატომ წავიდნენ არ ვიცი.
...მათი შემოსვლისას მკითხეს, თუ სად წავიდნენ დაბადების დღეზე მყოფი პირები, რაზეც ვუპასუხე, რომ ყველანი წავიდნენ მაგრამ სად, არ ვიცი-თქო, რის შემდეგაც ისინი გაბრუნდნენ.
...აღნიშნულიდან დაახლოებით 15-20 წუთში, იქნებოდა დაახლოებით პირველი საათი ეზოში ფეხით კვლავ შემოვიდა 8 ბიჭი.
...ეთოს მონაყოლიდან ვიცი, რომ ისინი ეძებდნენ ზოგადად სტუმრებს, კონკრეტულად ვის არ ვიცი.
...პირველად მოსული ჩიქოვანი და ჩიქოვანთან ერთად მყოფი პირები კონკრეტულად არავის კითხულობდნენ, მათ ზოგადად იკითხეს სტუმრები სად არიანო.
...როგორც მახსოვს ვახტანგ ჩიქოვანმა იკითხა სტუმრებზე,"- ნათქვამია ჩვენებაში.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.