ბოლო 3 დღეში, ოპოზიციისთვის რიგით მე-9 და გახარიას პარტიისთვის მეორე უარია შუამდგომლობაზე, რომელიც ამჯერად საკონსტიტუციო განხილვების 1 თვით გადადებას გულისხმობდა. მოპასუხე მხარე, პლენუმისგან ითხოვდა, მიეცათ წერილობითი შესაგებლის, ანუ სარჩელთან დაკავშირებით, მათი სამართლებრივი პოზიციის მომზადებისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების უფლება, რომელიც მოსარჩელე მხარის თქმით, ოპოზიციას აქამდე თავად არ გამოუყენებია. უმრავლესობის დეპუტატებმა, შუამდგომლობის ავტორს დარბაზშივე განუმარტეს, ის ნორმები, რომელიც ადასტურებს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საქმის განხილვას არ აფერხებს და ვერც პროცესის გადადების საფუძველი იქნებოდა.
პლენუმმა 40 წუთი ითათბირა და ერთსულოვნად დაადგინა, რომ გახარიას პარტიის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, მიზანი კი პროცესის გაჭიანურება. რაც შეეხება მის სამართლებრივ საფუძველს - სარეზოლუციო ნაწილში განიმარტა, რომ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია სასამართლოს წერილობითი განმარტება ნებისმიერ დროს გადასცეს, მაშინაც თუკი პლენუმი სათათბიროდ იქნება გასული.
პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილებას ეხებოდა. ბერდია სიჭინავამ მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლომ ოპოზიციას - ინსტიტუტის უპატივცემულობასა და არაეთიკურ ქმედებებზე მიუთითა.
სასამართლოს ამ უარს წინ უძღოდა, ბერდია სიჭინავას კიდევ ერთი შუამდგომლობა, რა დროსაც მან მოსამართლეების მიმართ ირონიული ტონის გამო შენიშვნაც მიიღო. გახარიას პარტია ითხოვდა კონსტიტუციური სარჩელისთვის მტკიცებულებების დართვას სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის- სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების, 20 ივნისის, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის, პარლამენტის ბოიკოტის ან გახარიას გადადგომის შესახებ. შუამდგომლობა გაუგებარი აღმოჩნდა, მოსარჩელეებისთვის და თავად სასამართლოსთვის, რის გამოც ავტორს დაზუსტებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.
სხდომის თავმჯდომარის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა, შუამდგომლობის ავტორს შეახსენეს, რომ გიორგი გახარია ძებნილია და ის ბრალდებულია - სისხლის სამართლის საქმეების, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა კი სამართლებრივი ნონსენსია და ისეთივე უსაფუძვლო, როგორც შუამდგომლობაში მოტანილი არაერთი სხვა გარემოება.
პარტია ''საქართველოსთვის'' შუამდგომლობაზე, სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. განხილვების მესამე დღე კი 3 საათიანი სხდომის შემდეგ, ისევ ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვით დასრულდა.