19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ ბილანიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი ითხოვდა პატიმრობას და ჩვენც, ამ ეტაპზე, დავეთანხმეთ პროკურორის შუამდგომლობას. ჩვენი თანხმობა გამოწვეული იყო ბრალდებულის უსაფრთხოების ინტერესებიდან. დაკავებულთან კომუნიკაცია არ მქონია. ჯერჯერობით, ახალი არაფერი არ არის. ჯერ საქმე არ დასრულებულა, გამოძიებაც არ დამთავრებულა და არც ის ვიცი, კვალიფიკაცია ეს დარჩება თუ შეიცვლება, ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დაგეგმილი არაფერი გვაქვს," - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

დღის ამბები