მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრიდან ბრალი მხოლოდ 5-ს წარედგინა განზრახ მკვლელობის მუხლით. ერთადერთი ვისაც ბრალი ამ ექვსიდან არ დაუმძიმდა ვასილ მახარაძეა. გამოძიების ვერსიით, ის 5 თანმხლებ პირთან ერთად მცხეთაში შურისძიების მიზნით ვახო ჩიქოვანის ორგანიზებით ჩავიდა,თუმცა ის "ტოიოტა ქამრის" მართავდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ მახარაძე არაგვის ხევში მომხდარ დაპირისპირებაში არ ფიგურირებდა, თუმცა, სად იყო დაპირისპირების დროს მძღოლი, პროკურორს დღეს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია.
გამოძიების პირველ ეტაპზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი "ტოიოტა ქამრის" 6-ვე მგზავრის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა, მათ შორის იყო მძღოლიც. დღეს კი სპეციალურ ბრიფინგზე შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ თქვა, რომ გამოძიებას ენდობა, ოჯახის სურვილია კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად აგონ იმ პირებმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ფეხბურთელის მკვლელობაში. ოჯახი ამბობს, რომ მახარაძე შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 6 წუთი იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ, ბიძა ვარაუდობს, რომ ის შაქარაშვილის ცემასა და წყალში გადაგდებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
5-ვე ბრალდებულს ახალი ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამომძიებლებმა ადვოკატების თანდასწრებით გააცნეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ, მეტიც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაპირისპირების მომენტში "ტოიოტა ქამრის" მძღოლთან - ვასილ მახარაძესთან ერთად იმყოფებოდა და შაქარაშვილს არაგვის ხევში არ ჩაყოლია.
ბრალდებულების ადვოკატები საგამოძიებო უწყების ვერსიას არ ენდობიან, ამბობენ, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებისთვის ბრალის დამძიმების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამ დრომდე კითხვები აქვთ მოწმეებთან - თუ რატომ ცვლიან ისინი ჩვენებებს?!
შეცვლილ ჩვენებებზე საკუთარი მოსაზრება აქვს გამოძიებას. პროკურორი ამბობს, რომ საქმის ოქროს მოწმეები საკუთარ ჩვენებებში დეტალებს აზუსტებენ, მათ შორის, შაქარაშვილის ახლო მეგობარი და მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილიც. პროკურორის ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა ამ ფორმით მიღებულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოწმეები ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან.
საქმეში "ტოიოტა ქამრის" გარდა ფიგურირებს "მერსედესის" ავტომობილიც. მისი ყველა მგზავრი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა სხვა ბრალდებით. გარდა ამ 2 მანქანისა, ირკვევა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში სულ 8 მანქანა ფიგურირებს, 3 საბურთალოელებს ეკუთვნის, 5 კი ნაძალადეველებს. სად იმყოფებოდნენ "მერსედესის" მგზავრები მაშინ, როცა არაგვის ხიდზე მეორე დაპირისპირება მიმდინარეობდა და "ტოიოტას" 5 მგზავრი გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა - ამ კითხვაზე გამოძიება პასუხობს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის მომენტში "მერსედესის" ავტომობილი არაგვის ხიდზე არ იმყოფებოდა.
გამოძიების ვერსიას ბოლომდე იზიარებს მოკლული ფეხბურთელის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე იზიარებს ვერსიას, რომ საქმეში ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებებით "მერსედესის" ავტომობილის მგზავრების უშუალო მონაწილეობა ფეხბურთელის მკვლელობაში არ იკვეთება.
იმ შემთხვევაში თუ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ტოიოტა ქამრის 5 მგზავრს ბრალი დაუმტკიცდება, მათ 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.