სანდრო ბრეგაძე პოლიციას დახმარებას სთხოვს. პარტია "ქართული მარშის" ლიდერი ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის თემაზე მისი აქტივობის გამო ემუქრებიან და არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაიგეგმოს.
როგორც სანდრო ბრეგაძე ამბობს, ერთ-ერთი პირი ღამის საათებში ტელეფონით უკავშირდება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ეს დიალოგი ბრეგაძემ ჩაიწერა და ჟურნალისტებს გადასცა.
პარტია "ქართული მარშის" დამფუძნებელი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ ბრეგაძის ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
"ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ემუქრებოდა ჩემი ოჯახის წევრებს და არასრულწლოვან შვილებს. ღამის 4 საათზე მივარდებოდნენ სახლში. ეს არ იყო მხოლოდ მუქარა, ისინი ჩემს სადარბაზოში იმყოფებოდნენ. მათი წასვლის შემდგომ განხორციელდა რამდენიმე გასროლა. პოლიცია იძულებული გახდა დაეწყო მოკვლევა," - განაცხადა "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ.