არ არის გამორიცხული ქობულეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. დღეს 25 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან. ზღვისპირა ქალაქში COVID-19 გუშინ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში კორონავირუსი კაფე "ჰავანაში" ახალგაზრდა გოგოს დაუდასტურდა, კაფეს 54 თანამშრომელი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. კაფე მუშაობას მეორე ცვლის თანამშრომლების ხარჯზე აგრძელებს.
40-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი მესტიაში. ადგილზე ისევ მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს. ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება დუშეთის მუნიციპალიტეტშიც.
წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, კარანტინში გადაყვანილია მისი 2 მეწყვილე და ინფიცირებულის მამაც, რომელიც ადგილობრივ მერიაში სოციალურ სამსახურში მუშაობს.
"54 პირია სულ გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში, ამაში შედის პირველ დღეს გადაყვანილიც და დანარჩენი იქნა გუშინ გადაყვანილი. მეთვალყურეობა გრძელდება, ამასთანვე, დამატებით 25 ნიმუში იყო აღებული და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. კარანტინში მყოფი პირების უმრავლესობა გახლავთ კაფის თანამშრომლები, რომელთაც მცირედი სარისკო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.