მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საგამოძიებო ექსპერიმენტი გამთენიისას დასრულდა. ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატების ინიციატივით პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გათამაშდა. დაკავებულთა უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდულია.
მათივე თქმით, საგამოძიებო ქმედებებმა ნათელი გახადა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, რადგან ბუნებრივი განათების პირობებში ხიდის ქვეშ შეუძლებელია მას რაიმე დაენახა.
"ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. 6-ვე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულია სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას. ვაპირებთ რომ სხვადასხვა პირები გამოვკითხოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ის რეალობა, რაც არსებობს აღნიშნულ საქმეში," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატები ექსპერიმენტების ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.