მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები აბსურდულს გახდის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ქმედებებმა ნათელი გახადა, რომ მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, რადგან ბუნებრივი განათების პირობებში ხიდის ქვეშ შეუძლებელია მას რაიმე დაენახა.
"ჩავატარეთ ექსპერიმენტი იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელსაც არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ, ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც იგი თითქოს და მიუთითებს, რომ ხიდის დასრულებამდე დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ცდა ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არა თუ პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.