08 სექტემბერი 2026,   00:22
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს 9 მოწმე დაიკითხება, მათ შორის 3 შსს-ს თანამშრომელია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს 9 მოწმე დაიკითხება. საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მათგან 6 პირი ნარეკვავის დასახლებაში აგარაკზე იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო. რაც შეეხებათ სხვა მოწმეებს, 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

ბრალდების მხარე მოწმეთა ჩვენებით შეეცდება მოსამართლეს მიაწოდოს ვერსიები, თუ რა მოტივით დაიწყო კონფლიქტი. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ნაწილი მათგანი იმყოფებოდა აგარაკზე შესაბამისად, პირველი ეპიზოდის, პირველი ჩხუბის მოწმეები იქნებიან და მათ უნდა დაადასტურონ მოტივი თუ რა მოტივი გააჩნდათ, როგორც "მერსედესის", ასევე "ქამრის" მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი თავს შემდეგ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს და დანარჩენ პიროვნებებს. აგრეთვე დაიკითხებიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი და მონაწილე პირები, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნული მოქმედებების სისწორეს," - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გრძელდება, საუბარია იმ ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი საათის წინ განახლდა.

დღის ამბები