19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
25 კოქტეილი 5-ის ნაცვლად - თბილისის ერთ-ერთ ბარში ანგარიშის გამო მომხდარი დაპირისპირებისას სტუმარს ხელი მოტეხეს

თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. "კურიერთან" მომხდარის შესახებ სწორედ დაზარალებული საუბრობს. არასწორად შედგენილი ანგარიშის გამო სტუმრებმა პრეტენზია გამოთქვეს, რის შემდეგაც შელაპარაკება ჯერ ბარის თანამშრომელ ქალთან დაიწყო, შემდეგ კი დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბით დასრულდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ, თუმცა უკვე გამოიკითხნენ სავარაუდო ეჭვმიტანილები. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად  ხორციელდება, რაც გულისხმობს კომპლექსურ სამუშაოებს, მათ შორის, გამოკითხვებსაც.

"ბარში შევუკვეთეთ 5 კოქტეილი და რეალურად მოგვივიდა 25 კოქტეილზე ანგარიში, რაც რა თქმა უნდა, გავაპროტესტე, მოვითხოვე კამერების ამოღება და ამის შემდეგ ბარიდან გარეთ გამოსულს მეძახის დაცვა ჩავდივარ ბარში და მხვდება დაცვის 6 წევრის და ადმინისტრატორის ჩასაფრება, დამიწყეს ცემა, მირტყამდნენ უმოწყალოდ, მეგობრების დახმარებით გამოვაღწიე, გამოვიძახე პატრული და სანამ პატრული მოვიდოდა კიდევ გაგრძელდა გარეთ, შუა პეკინზე ჩემი ცემა.მაქვს ხელის მოტეხილობა, ტვინის შერყევა, დაბეჟილობა," - აცხადებს ივიკო ფრუიძე, მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან დამნაშავეები და ასევე პასუხს აგებენ ის დაწესებულებებიც რომლებიც მსგავსი თაღლითური სქემით მოქმედებენ.

დღის ამბები