დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითმონიტორინგისკენ მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბათუმში მდებარე საკონდიტრო "დონასთან" ჰქონდათ შეხება.
"ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო "დონაში", მათ შეუძლიათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიდნენ ნებაყოფლობით და ჩაუტარებენ ტესტირებას, ამავე დროს საჭიროა, რომ თითოეულმა მათგანმა აწარმოოს თვითმონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ დავაკვირდეთ განსაკუთრებით კრიტიკულია მე-3 და მე-8 დღეებს შორის პერიოდი და ამ პერიოდში თუ რამე სიმპტომი ჩნდება: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია რომ დავუკავშირდეთ 112-ს, ჩავიტაროთ გამოკვლევა და ვიმოქმედოთ დანიშნულების მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია თბილისში ვინც ჩამობრძანდა ბათუმიდან და აქვს ისტორია "დონაში" ყოფნის, აუცილებელია, რომ მათ აწარმოონ თვითმონიტორინგი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ხელმძღვანელის თქმით, საპანიკო და საგანგაშო არაფერია, მაგრამ ეს ყველაფერი არის საყურადღებო და აუცილებელია წესების დაცვა. ამირან გამყრელიძე ასევე მოუწოდებს ბათუმში მდებარე კლუბებსა და ბარებს რომ ყურადღებით დაიცვან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები:
"ასევე მოვუწოდებ კლუბებს და ბარებს ბათუმში, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ უნდა იყოს დაცული და გატარებული ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია. ამავე დროს არ იყო დამყოლობა სამწუხაროდ იმ კაფე-ბარების თანამშრომლების რომ აუცილებელი იყო მათი ტესტირება, დღეს კიდევ მივმართავ და მოვუწოდებ, რომ აუცილებელია, რომ მათ ტესტირება გაიარონ," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მისი თქმით, PCR ტესტირების გაკეთება ბათუმში შესაძლებელია 3 სამედიცინო კარავში და 5 სამედიცინო დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან უმრავლესობა ბათუმიდანაა.