ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში", სადაც კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა იწყება.
ამ დროისთვის, სულ სასტუმროში 900 ადამიანი იმყოფება და ტერიტორიაზე გადაადგილება ყველასთვის აკრძალულია. სასტუმრო ვერ დატოვეს ვერც იმ პირებმა, რომლებიც ტერიტორიიდან 12 საათისთვის უნდა გასულიყვნენ.
სასტუმრო "ოაზისთან", ამ წუთებში, ზომები გამკაცრებულია, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არ ყოფილა მოცემული პროტოკოლი ან რეგულაცია, გადაწყვეტილება ჩვენ თვითონ მივიღეთ. რეალურად, სასტუმრო და აპარტამენტები დატოვეს იმ პირებმა, რომლებიც დღეს იყვნენ ჩამოსულები და სხვებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდათ. სტუმარი, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, მაშინვე გადავიყვანეთ იზოლაციაში. დეზინფექცირება კი მაშინვე ჩატარდა," - აცხადებს სასტუმრო "ოაზისის" თანამშრომელი გვანცა ხაინდრავა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმი "ავერსისის" კლინიკის ქსელის ექიმია.
"400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას ჩაქვში, მათგან "ავერსის" ქსელის კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუფიქსირდა. თუმცა ეს არ უკავშირდება თავად "ავერსის" კლინიკაში ინფექციის გავრცელებას. წყარო უკვე დადგენილია, მაგრამ ჩვენ დღესვე დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევები იმისათვის, თუ რა მასშტაბის იყო გადადება.
ეპიდსიტუაციის გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, გადავლენ თუ არა იქ მყოფი ადამიანები კარანტინში, თუ მიეცემათ მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია,"- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი", სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს ჩაიკეტა.
სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.