ჯერჯერობით უცნობია დაასრულა თუ არა პროკურატურამ მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სატელიტის ჩანაწერების მოსაპოვებლად. იქამდე ვიდრე გამოძიება ინფორმაციას გაასაჯაროვებს, ოჯახის ადვოკატი ირწმუნება, რომ მას აქვს შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ 19 და 20 ივლისს მაწევანის ტყეში გარდაცვლილი ახალგაზრდას ავტომობილი არ დგას. ოჯახის ინტერესების დამცველმა მასალა პროკურატურას უკვე მიაწოდა.
"მე ისედაც ვიცოდი, რომ ეგ მანქანა იქ მიყვანილი იყო და ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს. მტკიცებულება უნდოდათ და აგერ მიიღეს მტკიცებულება და აგერ ახლა თვითონ იმართლონ თავი, რატომ აქამდე არ გადაკვალიფიცირდა ჩემი შვილის თვითმკვლელობა მკვლელობად," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.
ადვოკატის თქმით, რამდენად რეალურია წარმოდგენილი მტკიცებულებები ეს პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს:
"ამ კადრებში ჩანს ჩვეულებრივად, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილი არ დგას, კიდევ არის იქ 20-21-22 ივლისი, როდესაც არის ღრუბლიანი ამინდი და მხოლოდ და მხოლოდ ღრუბლები ჩანს. ფოტოშოპით თუა გაკეთებული თვითონ პროკურატურამ იმსჯელოს ახლა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.