ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. რამიშვილი საგამოძიებო უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის. საუბარია სატელიტით გადაღებულ კადრებზე, რომელიც 19-22 ივლისს ჩათვლით არის ამოღებული.
მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მიხეილ რამიშვილისგან მიიღო უარი და ისევ საიდუმლოდ დარჩა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის ვინაობაც,ასევე, წყარო, რომელზე დაყრდნობითაც გაავრცელეს, მათივე ვერსიით, სატელიტიდან გადაღებული ფოტო, დაინიშნა ექსპერტიზა. სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებით დადგინდება, რამდენად შეესაბამება ბაჩალიაშვილების ვერსია სიმართლეს და ხომ არ არის მათი მხრიდან გასაჯაროებული ფოტომტკიცებულება დამონტაჟებული.
წერილობით განცხადებაში გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრძელდება იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, თეთრიწყაროს ტყის ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის წარმოდგენას.
"გამოდიხართ და ამბობთ იმას, რომ მე თითქოს და არ ვაპირებდი და უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ. დღეს თქვენ რასაც აკეთებთ და რა განცხადებასაც აკეთებთ, თქვენ არ ხართ დამოუკიდებლები, თქვენ ხართ მონები და არა ხართ კეთილსინდისიერები, თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ შემსრულებლები, რასაც თქვენი უფროსები გავალებენ.
თითქოს და არის ფოტოშოპი, თუ რაღაცა გადაკეთებული - გადმოკეთებული... მე წარმოვადგინე ის პერიოდი, როდესაც გადმომიგზავნეს, რომ 21-22 არის ღრუბლიანი ამინდი, თორემ ამისი სურვილი რომ მქონოდა და შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო უღრუბლო, ფოტოშოპსაც გავაკეთებდი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ ფაქტია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა კონკრეტულ რიცხვებში აღნიშნულ ადგილას არ იდგა.
"ამ მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო 4 ძირითადი ქვეყანა ევროკავშირის და ასევე, შედიოდა 10 დამატებით ქვეყნის ინტერესი, იყო გარკვეული სასწავლო პროგრამა და ამ კორპორაციული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ხდებოდა სატელიტიდან ამ ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ეს ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და გვიმტკიცოს, იდგა თუ არა იქ მანქანა და თვითონ მოგვიტანოს საპირისპირო ფოტოები," - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.