გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებულების ადვოკატები იმ მტკიცებულებების ამოღების თაობაზე საუბრობენ, რომელიც საქმეში უნდა ჩაიდოს. უფლებადამცველები ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანისა და კობა ჩიტიძის ჩვენებების ამოღებას ითხოვენ.
ადვოკატები მათ არასანდო მოწმეებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მათი გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა უნდა მოხდეს.
"დავაყენებთ შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებების გარკვეული ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ეს ძირითადად შეეხება ცრუ მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და აგრეთვე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან, დასაკითხ პირთა სიიდან ცრუ მოწმეების ამორიცხვას. მათ შორის ჩიტიძეს ვგულისხმობ, ამირხანაშვილს, ასევე ახვლედიანს. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ხდებოდა პატიმრების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციითაც დასტურდება კონკრეტული ბრალდებულების უდანაშაულობა," - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.
გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანისა და კობა ჩიტიძის ჩვენებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე საუბრობს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაურიც და ამბობს, რომ ისინი სანდო მოწმეები არ არიან.
"დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, დაენიშნა ექსპერტიზა იმ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნათლად ჩანს რომ "ტოიოტა ქამრში" არ ჯდება მხოლოდ მძღოლი ვასილ მახარაძე, რომელიც არ არის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში და ეს არის დანარჩენი სხვა 5 პირი. რაც შეეხება დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების დაუშვებლობას და დასაკითხ პირთა სიიდან ამოღებას, რომლებმაც არაერთხელ შეცვალეს აღნიშნულ საქმეში ჩვენებები. ესენი არიან ამირხანაშვილი, ახვლედიანი. ისინი არ არიან სანდო მოწმეები და შესაბამისად, სასამართლოს არ მიაწვდიან რეალურ ინფორმაციას," - აცხადებს გიორგი გელხაური.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 5 პირის წინააღმდეგ ბრალი წარდგენილი იყოს.
"დაცვის მხარის მტკიცებულებებს ჩვენ უმეტეს მტკიცებულებაზე, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა ვაყენებთ დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი მათგანი მოპოვებული არის კანონის არსებითი დარღვევებით, ხოლო ნაწილი მათგანი საერთოდ არანაირ შემხებლობაში არ არის სისხლის სამართლის საქმესთან.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ქათამაძეს, მას საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა. მას სცემდა "მერსედესიდან" გადმოსული თითქმის ყველა პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზიანებები, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მსუბუქზე უფრო მეტი ხარისხის, თუმცა ამაზე ექსპერტიზა ტარდება," - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. ცალკე წარმოებად გამოყოფილ ამ კონკრეტულ საქმეს 5 ბრალდებული ჰყავს. საუბარია "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრებზე.
გამოძიების ვერსიით, სწორედ ისინი აედევნენ გიორგი შაქარაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოლოს მდინარეში ჩააგდეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.