გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უკვე სამ საათზე მეტია მცხეთაში სასამართლო მსჯელობს, პროცესი დახურულია. სხდომის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებიან დაკავებულთა ახლობლები. დღეს მათ საქმის გარემოებებზე პირველად ისაუბრეს და განსხვავებული ვერსიები გააჟღერეს.
სასამართლოში იმყოფება ვახო ჩიქოვანის დედაც, რომელიც საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი ვერსიით, შვილს დაზიანებები თავში ბლაგვი საგნის გარდა, ცივი იარაღითაც მიაყენეს.
"დაურეკეს მეგობრებმა, რომ ჩამოდიო. ანა გაბეჩავა თვითონ დაელაპარაკა და ვახო რაზეა ლაპარაკი, ჩამოდიო რა. ვახომ ყველაფერი კარგად იცის ვინ დაარტყა, ვინ სცემა, თავი დანის ტარით ვინ გაუპო. კრამიტის იქით დანის ტარითაც," - ამბობს ვახო ჩიქოვანის დედა.
გამოძიებას არ ენდობა არჩილ გაგნიძის ოჯახი. ერთ-ერთი ბრალდებულის და ამბობს, რომ მისი ძმა ნარეკვავის დასახლებაში არა საქმის გასარჩევად, არამედ მის მოსაგვარებლად ჩავიდა.
როგორც თიკო გაგნიძე ამბობს, საქმეს არჩევდნენ "მერსედესის" მგზავრები, ხოლო "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ასევე მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დაკავებული მეგობრებთან ერთად 19 ივნისს ანუ შემთხვევის მეორე დღეს ნარეკვავის დასახლებაში იმყოფებოდა. არჩილ გაგნიძის დის თქმით, ისინი მეორე დღეს ადგილზე ჩავიდნენ მეგობრებთან ერთად იმ მიზნით, რომ გაერკვიათ, ვინ იყო დაკარგული.
"არ ვენდობით გამოძიებას და პროკურატურას. მიზეზები არის ძალიან ბევრი, თუნდაც ის, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, წაშლილია ჩემი ძმის "გუგლ მეფის" გადაადგილების ტრაექტორია.
არჩილ გაგნიძეს არავისთვის არ შეუგინებია, შეურაცხყოფა ზედმეტი არავისთვის მიუყენებია, მათ შორის არც ფიზიკური. მეორე დღეს ჩემი ძმა არ არის მარტო იქ, იქ არის ნიკოლოზ რევაზიშვილთან და ვასილ მახარაძესთან ერთად. მათ ეგონათ, რომ ის ბავშვი ვინც წამოიყვანეს, ის არ იყო სახლში მისული. აი ეს იყო რეალურად მიზეზი, სხვა არაფერი. მათ არ იცოდნენ ვინ დაიკარგა.
საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა, განსაკუთრებით "ქამრის" ბიჭები. მოგვარება სხვა არის და საქმის გარჩევა სხვა. ამათი მზაობა იყო ის, რომ იქ დარჩენილი ბავშვები წამოეყვანათ რამე რომ არ მომხდარიყო. რაც მოხდა პირველ მანქანაზე, ეგ არის საქმის გარჩევა,“ - აცხადებს არჩილ გაგნიძის და, თიკო გაგნიძე.