17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ე.წ. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები - ეს საკითხები განიხილა სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება იყო სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის მთავარი თემა. ყურადღება გამახვილდა შიდა ქართულში მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს.

საუბარი იყო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა უფლებების უხეშ დარღვევებზე, გატაცებებსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. საუბარი შეეხო გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას.

"განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონო დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

დღის ამბები